მულტიმედია
ხალხური სიმღერის სიყვარულით - "ოდოიას" მეოთხე თაობა (ფოტო, ვიდეო)
ქართული ფოლკლორის პატარა შემსრულებლები კვირაში სამჯერ იკრიბებიან. მათ უმრავლესობას ხალხური სიმღერის სიყვარულს მშობლები პატარაობიდანვე უნერგავენ. ახლა ისინი ანსამბლ "ოდოიას" მეოთხე თაობას წარმოადგენენ.

"3-4 წელია დავდივარ, დედაჩემი მგალობელია, ალბათ მისგან გამომყვა სიმღერის ნიჭი. პატარა რომ ვიყავი, დედა მიმღეროდა ძილის წინ ხალხურ სიმღერებს. ძალიან მომწონს, ვფიქრობ საინტერესოა და ასახავს ქართველი ხალხის ისტორიას, ამიტომ ვსწავლობ. განსაკუთრებულად "ასე ჩონგური" მიყვარს", - ამბობს ანსამბლის ერთ-ერთი წევრი, 13 წლის ალექსი იზორია.

უკვე მეხუთე წელია გუნდს ბუბა სორდია ხელმძღვანელობს. ის ცდილობს პატარა მომღერლებს დიდი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას მიერ დატოვებული ხალხური შემოქმედების მარგალიტები გადასცეს და შეასწავლოს.

"დღესდღეობით თითქოს იმდენად პოპულარული არ არის ქართული ფოლკლორი, გალობა. ბავშვების გამოწვრთნის, არსებობის და ტრადიციის გაგრძელების იდეა მაშინ გაჩნდა, პოლიკარპე ხუბულავა მიწას რომ მივაბარეთ. იმ დღეს მახსოვს მე, დათო დარასელია (ანსამბლი "ოდოია") და დათო ცინცაძე (ანსამბლი "შავნაბადა") პოლიკარპეს "ბედინერას" ვმღეროდით, ცრემლნაყლაპი ხმით ... მაშინ გულწრფელი ფიქრი იყო "არ დარჩები იქ, არ მიეცემი დავიწყებას"... და აი ასე ვცდილობთ", - იხსენებს ბუბა სორდია.

რეპეტიციებზე ბავშვები სიმღერის მელოდიასთან ერთად, მის ისტორიას ეცნობიან. ბუბა სორდია ცდილობს, რომ გუნდის წევრებს გემოვნება და საშემსრულებლო მანერა ჩამოუყალიბდეთ, რათა მათ სწორად გადმოსცენ სიმღერის ხასიათი.

"სწავლამდე ძველ ჩანაწერებს უსმენენ, ეს იძლევა საშუალებას, ბავშვმა გაიგოს ის საშემსრულებლო მანერა, რომელიც ახასიათებს ქართულ ფოლკლორს რეგიონების მიხედვით. მეგრელი კაცი ვერ იმღერებს კახურს კახელივით, ჩვენი კილოკავებით, ენით, ხასიათით განვსხვავდებით. ამასთან ერთად, ვცდილობ მხოლოდ მელოდია არ ვასწავლო, არამედ დავანახო, რომ სიმღერა ჩვენი ყოფიერების ნაწილია, რომ ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები- რომ ეს არის ომი, შრომა, დილა, ჭამა, გლოვა - ამ ყველაფრის სიმღერაში ასახვა".

გუნდის ყველაზე უმცროსი წევრი 6 -ის, ხოლო უფროსი - 14 წლისაა. 15-მდე მოზარდი ტრადიციულ ქართულ სიმღერას ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში უსასყიდლოდ სწავლობს.

Print