მულტიმედია
გაიცანით ცხრა წლის ქაიანი,რომელმაც ინტერნეტი ასტრონომიის ცოდნით დაიპყრო (ვიდეო)
ცხრა წლის ქაიან ბელქანია, რომელმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, მეცნიერების შესწავლასა და კოსმონავტობაზე ოცნებობს. მანამდე კი პატარა ასტრონომი მზის სისტემის პლანეტების მოცულობასა და შემადგენლობას სწავლობს. საჭირო ინფორმაციას ის ბიბლითეკასა და ინტერნეტში ეძებს. ქაიან ბელქანია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. ასტრონომიისა და მათემატიკის გარდა უყვარს ფიზიკა, თუმცა, როგორც გვეუბნება, ეს საგანი მეთერთმეტე კლასში ისწავლება და მას ამ დროისთვის პედაგოგი არ დასჭირდება. კოსმოსური ობიექტების შესწავლა 2 წლის წინ დაიწყო. როგორც თვითონ ჰყვება, თავდაპირველად მეათე პლანეტით დაინტერესდა, რომელიც, მისივე სიტყვებით, მზის სისტემიდან „გააძევეს“.

„ამ ყველაფრის სწავლა დავიწყე ორი წლის წინ, როდესაც მეორე კლასში ვიყავი. დაინტერესებული ვიყავი მეათე პლანეტით. სხვებიც ვიცოდი, მაგრამ მათი სახელები არ მახსოვდა. მეათე პლანეტა არის ისეთი პლანეტა, რომელიც ყველის მაგვარია. პლანეტებმა ის მზის სისტემიდან გააძევეს“, - გვიყვება ქაიანი.

დაგროვილ ცოდნას მეგობრებსაც უზიარებს და ამბობს, რომ ის მაღალ კლასებში ფიზიკის გაკვეთილებსაც ჩაატარებს.

„ფიზიკას სკოლაში მეთერთმეტე კლასში გიწყებენ, მაგრამ ფიზიკის სწავლა შენ თვითონაც შეგიძლია. როდესაც მეთერთმეტე კლასში გადავალ, ვფიქრობ, ფიზიკის მასწავლებელი არ დამჭირდება. ჩემს კლასელებსაც ხშირად ჩავუტარებ ფიზიკის გაკვეთილებს. ეს ძალიან მარტივი იქნება, თემას კარგად ავუხსნი, რადგან მანამდე ძალიან ბევრს ვისწავლი. ახლა რაც ვიცი, იმდენი ფიზიკის მასწავლებელს არ ეცოდინება. ერთხელ მქონდა ფიზიკის მასწავლებელთან შეჯიბრი. მან დამისვა 22 შეკითხვა. თითქმის ყველას მარტივად გავეცი პასუხი, მაგრამ ორზე პასუხის გაცემა გამიჭირდა. ერთი კითხვა დიდი დათვის თანავარსკვლავედზე იყო, ხოლო მეორე თავლის თანავარსკვლავედსა და გველის თანავარსკვლავედს ეხებოდა. როდესაც ამ კითხვებზე პასუხი გამიჭირდა, მივხვდი, რომ მე მხოლოდ პლანეტების სიდიდეზე ვმუშაობდი და შემდეგ დავიწყე სწავლა, თუ რისგან შედგებოდნენ ისინი“, - ამობობს ქაიან ბელქანია.

ქაიანი წიგნებით სავსე თაროზე ოცნებობს. ამბობს, რომ მას ჯერ მხოლოდ ერთი წიგნი აქვს. მიაჩნია, რომ წიგნების თარო იუპიტერთან და სატურნთან არის დაკავშირებული.

„წიგნები არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ბევრი მქონდეს. ფილმებს ვუყურებ, მაგრამ წიგნები ყოველთვის თავიანთ სილამაზეს ინარჩუნებენ. თუ თარო და წიგნები გექნება, გექნება სილამაზეც და ეს პრიმიტიულად გადაეცემა სატურნს და იუპიტერს. ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავენ ბგერებს ან ნაწილაკურ სფეროებს“, - თქვა მან.

თავისუფალ დროს ის მეგობრებთან ერთად ერთობა. უყვარს შინაური ცხოველები. მას ორი კატა და სამი ძაღლი ჰყავს. ერთ-ერთი ძაღლი სახელად „ჯესი“ მეგობრებმა ქუჩაში იპოვეს და ის საერთოა.

ქაიან ბელქანია საზოგადოებამ მეზობლის მიერ გავრცელებული ვიდეოების მეშვეობით გაიცნო. ის დედასთან და ბებიასთან ერთად წალენჯიხაში ცხოვრობს. როგორც მეზობლებმა გვითხრეს, ბავშვის მამა თურქეთშია, ხოლო დედას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პატარას ძირითადად ბებია უვლის.


Print