მულტიმედია
მექანიკური მანქანები პატარა წალენჯიხელი ოსტატისგან (ვიდეო/ფოტო)
წალენჯიხაში 13 წლის ალექსი მებონია მოძრავ მექანიკურ მანქანებს საკუთარი ხელით აწყობს. ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც  იუთუბში შემთხვევით წააწყდა ხერხს, თუ როგორ უნდა ეკეთებინა მექანიკური მოწყობილობები. ელემენტები, ჩამრთველები, ბოთლების თავსახურები,  მყარი ქაღალდი - ეს ის ძირითადი მასალებია, რომლებიც მას მანქანის შექმნისთვის სჭირდება.

„თავიდან ორიგამით ვიყავი დაინტერესებული. იუთუბში ვეძებდი ხერხებს თუ როგორ მეკეთებინა სხვადასხვა ნივთები და შემთხვევით წავაწყდი ამ ხერხს.  შემდეგ უკვე დავიხვეწე, მანქანების გაკეთება მომინდა. იუთუბიდან ვაკეთებდი ხოლმე, ახლა კი იდეას ვნახავ და ჩემებურად, დამოუკიდებლად მივყვები პროცესს, დრო კი იმისთვის მჭირდება, რომ დავხვეწო“, - გვიყვება ალექსი.

ერთი მანქანის  მწყობრში მოყვანას, დაახლოებით,  ერთ კვირას ანდომებს. ამბობს, რომ ყველაზე კარგი გრძნობა მაშინ ეუფლება, როდესაც საკუთარ ნამუშევარს სრულყოფილს ხედავს.

„რომ დავასრულებ მანქანას და მართლა გამომივა და წავა, სიამოვნებას მანიჭებს...იმედგაცრუებებიც მქონია, თუმცა არ ვეშვები, თავიდან ვიწყებ და ბევრი შრომის შემდეგ შედეგსაც ვაღწევ. ერთხელ სკოლაში მივიტანე ჩემი გაკეთებული მანქანა, მეგობრებმა მთხოვეს. ეს იყო გადახურული მანქანა, რომელიც სათამაშო მანქანას ჰგავდა. მასწავლებელმა არ დამიჯერა, რომ ჩემი გაკეთებული იყო და ცოტა გული ძალიან დამწყდა. ამის შემდეგ მანქანები აღარ გადამიხურავს“, - გვითხრა ალექსიმ.

წალენჯიხაში ერთ-ერთ გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრებიც წარდგინა, თუმცა გაყიდვა დაენანა. მხოლოდ ერთი ნივთი გაიმეტა და ის 7 ლარად გაყიდა. გვეუბნება, რომ მისი მიზანი ამ საქმით ფულის გამომუშავება არ არის, თუმცა, მომავალში, არც ამას გამორიცხავს. ყველაზე მეტად ახლა ის უნდა, რომ ზუგდიდის ტექნოპარკში კურსები გაიაროს.

მისი მთავარი გულშემატკივრები ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. ალექსის მამა ამბობს, რომ შვილს მხოლოდ ელექტრობასთან მუშაობა ასწავლა. 

„არ მინდოდა ზედმეტი დახმარება გამეწია, რადგან მსურდა, თავისი ნიჭით გაეკვლია ეს ყველაფერი. მე მხოლოდ საჭირო მასალებით ვამარაგებ. არ მინდა დაკარგოს სტიმული, რომ უფრო და უფრო დაიხვეწოს და მეტს მიაღწიოს“, - გვითხრა ოჩამჩირედან დევნილმა ონისე მებონიამ.

ალექსი ნამდვილი ავტომობილის შექმნაზე ფიქრობს, თუმცა იცის, რომ ჯერ პატარაა და დიდ დანადგარებთან მუშაობა სახიფათოა. მისი ოცნებაა შექმნას საუკეთესო დიზაინის ავტომობილი, საქართველოში თავისი ხელით ააწყოს და ის მსოფლიოში ისეთივე ცნობილი გახდეს, როგორიც ლამბორჯინია.



Print