მულტიმედია
11 წელი ქართულ არმიაში - ჯარისკაცი ქალი ზუგდიდიდან (ვიდეო/ფოტო)
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი ზუგდიდელი თეა თორია 11 წელია ქართულ არმიაში მსახურობს. პროფესიით მედდას ჯარში წასვლის სურვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ გაუჩნდა. ის მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სამხედრო დასახლებაში წლებია ცხოვრობს.

,,მივედი ჯარში და გამიმართლა, გასაუბრების შედეგად დამტოვეს. თავიდან საგურამოს სამედიცინო ბატალიონში ვიყავი და იქ 2 წელი დავრჩი. სენაკში უკვე ათი წელია ვმსახურობ",- ამბობს მეორე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ლაზარეთის მედდა.

თეას მეუღლეც სამხედრო პირია. იაგო გიორგობიანი მეორე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ოფიცერ-მაიორი s3 განყოფილების უფროსია. ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფებოდა და სამშობლოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ერთმანეთი ჯარში გაიცნეს და მალევე იქორწინეს. მათ სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი ქალიშვილი ყავთ. უფროსი შვიდი წლისაა, შუათანა ხუთის, უმცროსს კი ორი წელი უკვე შეუსრულდა.

“ზოგჯერ გვიან მიძახებენ სამსახურში, თუ ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან სასწრაფოდ გასაკეთებელია რამე. ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა რომ არა ჩემი ოჯახის წევრები გამიჭირდებოდა, ისინი ძალიან მეხმარებიან. სამი პატარა ბავშვის მოვლა არ არის მარტივი საქმე. ძალიან მომწონს ჩემი არჩევანი, ოჯახის წევრებიც ამაყობენ, რომ სამხედრო ვარ,’’
– ამბობს თეა.

გადატვირთული საქმეების მიუხედავად ოჯახის საქმეების მოწესრიგებაში და ბავშვების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული. თავისუფალ დროს ძირითადად ბავშვებთან ატარებს.

,,მე და ჩემი მეუღლე ვასეირნებთ ბავშვებს, ვკითხულობთ წიგნებს, ვთამაშობთ მათთან ერთად, ფილმებს ვუყურებთ, ვცდილობთ მეტი დრო გავატაროთ მათთან ერთად. როცა ჩვენ სამსახურში ვართ ბავშვებს ბებია უვლის,’’ - გვყვება თეა.

იაგო გიორგობიანის და თეა თორიას შვილები - გიორგი, ნიკოლოზი, ბარბარე

მისი დღის განრიგი, ისევე როგორც მთელი ბატალიონის, დილის 6 საათზე იწყება. ერთსაათიანი ფიზიკური მომზადების შემდეგ, ქართული ჯარის ფორმას ირგებს, რომელიც მისთვის ყველაზე სასიამოვნო ვალდებულება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.

39 წლის კაპრალი კარიერულ წინსვლაზე ფიქრობს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სამშვიდობო მისიით ავღანეთში წასვლას გეგმავს.





Print