მულტიმედია
ქრიზანტემების „ზღვა“ - გვალიების საოჯახო ბიზნესი მარტვილში
70 წლის ტარიელ გვალიამ ქრიზანთემების გამრავლება 30 წლის წინ დაიწყო.
პროფესიით აგრონომმა მშობლიურ მხარეში, მარტვილის სოფელ ნახარებოში, საქართველოში იმ დროს გავრცელებული ქრიზანთემები მოაშენა.

მოგვიანებით, ევროპიდან ჰოლანდიური ჯიშის კალმები გამოიწერა და ამის შემდეგ მხოლოდ მათ გამრავლებას მიჰყო ხელი. ამჟამად მის მეურნეობაში 15 სათბურია, რომელიც 8 ათას კვ/მ-ს იკავებს. ამბობს, რომ 100 ათას ძირზე მეტი 20-მდე სახეობის და ფერის ქრიზანთემა აქვს.

ყვავილები ადგილობრივ ბაზარზე გააქვს და არც მყიდველების ნაკლებობას უჩივის. ისინი ქრიზანთემების შესაძენად მეტწილად ადგილზე მიდიან. ბიზნესში მთელი ოჯახია ჩართული. ამბობენ, რომ შრომატევადი საქმეა და სათბურში თითქმის მთელი დღის გატარება უწევთ. ძირითადი სამუშაოები მაისში იწყება და დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. აქტიურ პერიოდში სათბურებში დამატებით მუშახელია დასაქმებული.

„ახლა რაც გვაქვს, ესენი ყველა ჰოლანდიური ჯიშია. ახლა რასაც ვაკეთებ, ჩემი ასაკის კაცისთვის და მთელი ოჯახისთვის არის საკმაოდ კარგი და მომგებიანი. შრომატევადი საქმეა, თუმცა არ არის პრეტენზიული მცენარე და მისი გამრავლება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მაისში ვრგავთ და ნოემბერ - დეკემბერში იკრიფება, საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა, მინუს 3 გრადუსს უძლებს “, - ამბობს მცირე მეწარმე.

გვალიებს სამ სათბურში, ქრიზანთემების გარდა, რამდენიმე ათასი ძირი ალოე და ალოე ვერა აქვთ მოშენებული. წელიწადში რამდენიმე ტონა მცენარე მოჰყავთ.

„მოსავალი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. თუმცა, დიდ ნაწილს ვაგზავნით რუსეთში, სომხეთში და ასევე, პოლონეთში. ალოესსა და ალოე ვერასგან სამკურნალო და კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებენ. ამ მცენარეებს თავისებური მოვლა და მოყვანა სჭირდება“, - ამბობს ტარიელ გვალია.

გვალიებს გარკვეული რაოდენობის ვარდიც მოჰყავთ. როგორც ფერმერი ყვება, ასკილის ძირზე ჰოლანდიური ჯიშის ვარდები დაამყნეს და უახლოეს მომავალში მის გამრავლებას გეგმავენ. ამბობენ, რომ ქრიზანთემებისა და ალოესგან განსხვავებით, ვარდები გაცილებით მეტ ყურადღებას და მოვლას მოითხოვენ.

გარდა ამისა, გვალიების ოჯახს ხეხილის სანერგე მეურნეობაც აქვს, სადაც ათასობით ძირი ხურმის, ალუჩისა და ტყემლის ნერგი გაახარეს. ისინი, როგორც ადგილობრივ, ასევე, რუსეთის ბაზარზე გააქვთ გასაყიდად.

ტარიელ გვილია მზადაა ნებისმიერ მსურველს, ვინც მეყვავილეობით არის დაინტერესებული, კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს.

„ყველას ვურჩევ, მოვიდეს ჩემთან, ვასწავლი, თუ როგორ უნდა გაამრავლონ და მოიყვანონ. საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია და ოჯახს არჩენს“, - ამბობს მარტვილის მკვიდრი.
მცირე მეწარმეს ხელისუფლებასთან სათხოვარი აქვს. მისი თქმით, ბიზნესზე ერთგვარი ზეწოლის და ხელშეშლის ფაქტები იყო. ის იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება.

„ეს ყველაფერი ჩემი ფულით და პატიოსანი შრომით გავაკეთე. ჩემთვის მთავარია მთავრობამ ხელი არ შემიშალოს. ხშირია შემთხვევები, რომ მოდიან და მაწუხებენ. კითხვებს მისვამენ, თუ საიდან მაქვს წყალი, როგორ ვრწყავ, გათბობა როგორ ხდება და ა.შ. შეშის ფეჩით ვათბობთ სათბურს და გარემოს აბინძურებო და დამაჯარიმეს. ეს ჩემთვის მიუღებელია. მცირე ბიზნესი გადასახადებისგან გათავისუფლებული უნდა იყოს“, - ამბობს მცირე მეწარმე.

ამ ეტაპზე ტარიელ გვალიას დიდი ოჯახი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. გვალიები თვლიან, რომ სოფლად მეწარმეობის განვითრებას ხელშეწყობა სჭირდება და სახელმწიფომ ამ დარგის განვითარებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ავტორები: სოფო ხუბულავა, სალომე ფარცვანია
Print