მულტიმედია
ზუგდიდელმა მოსწავლემ ამერიკელ სკოლელებს საშობაო ალილო ასწავლა (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდელმა მოსწავლემ ნია ფიფიამ ამერიკელი სკოლელები ქართულად და მეგრულად აამღერა. საშობაო კონცერტზე სკოლის სასიმღერო გუნდმა ვახტანგ კახიძის „ოცდახუთსა დეკემბერსა" (ალილო) და მეგრული „კირიალესა“ შეასრულა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ქართული მუსიკით ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ემერსონის (Emerson Junior-Senior High School) სკოლაში მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მათ გუნდს ქართველი წევრი შეემატა. საშობაო რეპერტუარიც ერთად შეარჩიეს.

სიმღერების საგუნდო ვერსიაზე გუნდის ხელმძღვანელმა უილიამ უილმანმა იზრუნა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის პარტიტურა დაამზადებინა.

"ოცდახუთსა დეკემბერსა" ქართული საშობაო სიმღერაა. ამ სიმღერას ვმღერით იმიტომ, რომ გაგვიმართლა და ჩვენს შორის არის გოგონა, რომელმაც აქ მოსახვედრად ყველა თქვენგანზე დიდი გზა გამოიარა. ეს არის ნია, საქართველოდან. მე მას ვთხოვე ჩვენთვის საშობაო სიმღერა  მოეძებნა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოში ბევრს მღერიან, განსაკუთრებით ზეპირად, ამიტომ მუსიკა ერთად შევარჩიეთ და ნოტები დავწერეთ“, - განუმარტა ქორმაისტერმა კონცერტზე მოსულებს ალილოს შესრულების შემდეგ.   

ქართული და მეგრული ტექსტების სწავლასა და უცხო ბგერების წარმოთქმასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში ამერიკელ თანატოლებს ნია დაეხმარა.

„კირიალესა მე ავარჩიე, რადგან ძალიან მინდოდა მეგრულიც გამეკეთებინა, ხოლო კახიძის „ოცდახუთსა დეკემბერსა“ თვითონ აირჩიეს ჩემს მიერ შეთავაზებულ სიმღერებს შორის, იმდენად მოეწონათ. დაახლოებით, თვენახევარი ვამუშავებდით. ჯერ სიტყვების გარეშე მუსიკას ვსწავლობდით და მერე ცალკე სიტყვებს. გაკვეთილის შემდეგაც მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, რა და როგორ უნდა წარმოეთქვათ, თარგმანითაც ძალიან დაინტერესდნენ. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, დერეფანში რომ ჩავივლიდი და უცებ მეგრულ და ქართულ სიტყვებს გავიგონებდი“, - გვიყვება ის.

ნია ფიფია ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში  მომავალ ლიდერთა ერთწლიანი გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში იმყოფება.
Print