მულტიმედია
საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები აფხაზეთიდან კანადელი ფოტოგრაფის ალბომში (ფოტო)
კანადელმა ფოტოგრაფმა კრისტოფერ ჰერვიგმა (Christopher Herwig) ორი ფოტოალბომი გამოსცა, რომელშიც საბჭოთა პერიოდის ავტობუსის გაჩერებებია აღბეჭდილი. ამ ფოტოებს ის 12 წლის განმავლობაში აგროვებდა.
გაგრა, ფოტო: Christopher Herwig
თავდაპირველად, ამ ნაგებობების უცნაური არქიტექტურით  ხელოვანი 2002 წელს დაინტერესდა, როდესაც ევროპიდან სანკტ - პეტერბურგამდე იმოგზაურა ველოსიპედით. ბიჭვინთა, ფოტო: Christopher Herwig
საბჭოთა ეპოქის გაჩერებებს ფოტოგრაფი 12 წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა. უჩვეულო ფორმების ძიებაში მან ყოფილი საბჭოთა კავშირის 14  ქვეყანაში იმოგზაურა, შავის ზღვის სანაპიროდან ყაზახეთამდე და 30  ათასი კილომეტრი ავტომობილით, ველოსიპედით, ტაქსით და ავტობუსით გაიარა, მათ შორის - საქართველოც.
ბიჭვინთა, ფოტო: Christopher Herwig
მის ფოტოობიექტივში ოკუპირებული აფხაზეთის ავტობუსის გაჩერებები მოხვდა. მოგზაურობას სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია.
გაგრა, ფოტო: Christopher Herwig
„ერთხელ აფხაზეთში ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ქართველი ჯაშუში ვარ და საიდუმდლო ობიექტებს ვიღებ. მან ქრთამი მომთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიციასთან დასმენით მემუქრებოდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ჩემმა სიტყვებმა, რომ აფხაზეთში „ავტობუსის შესანიშნავი მოსაცდელების გადასაღებად ჩავედი“, ვერაფრით დაარწმუნა. თავი ძლივს დავაღწიე, თუმცა, სწორედ ამ პატარა დრამის და მოგზაურობის შედეგად, ჩემი კამერის მეხსიერებამ, რომელიც საცვალში დავმალე, საუკეთესო ფოტოები შემოინახა“, - წერს კრისტოფერ ჰერვიგი.
მოსაცდელი აფხაზეთში, ფოტო: Christopher Herwig
ფოტოგრაფი თვლის, რომ საბჭოთა ეპოქაში, როდესაც შენობების არქიტექტურა სტანდარტულ ჩარჩოებში იყო მოქცეული, ადამიანებმა მთელი ფანტაზია ავტობუსის გაჩერებებში ჩააქსოვეს. მისი თქმით, ისინი გამორჩეულია მრავალფეროვანი ფორმითა და დიზაინით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ კულტურას და ისტორიას ასახავს.
გუდაუთა, ფოტო: Christopher Herwig
პირველი ალბომი კრისტოფერ ჰერვიგმა 2015 წელს, ხოლო მეორე - 2017 წელს გამოსცა.
ბიჭვინთა, ფოტო: Christopher Herwig
კანადელი ფოტოხელოვანის კიდევ ერთი ალბომი 2019 წელს გამოიცა. მასში საბჭოთა პერიოდის მეტროსადგურების ფოტოები შევიდა, მათ შორის, თბილისის მეტროც.


Print