მულტიმედია
სიჭინავების დამწვრობის მალამოს საუკუნოვანი ისტორია ( ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში „სიჭინავების მალამოს“ უნიკალური თვისებების შესახებ თითქმის ყველამ იცის. ამ ოჯახში მრავალი ათეული წელია საიდუმლო რეცეპტით დამწვრობის მალამოს ამზადებენ. ზუსტად არავინ იცის, საიდან იღებს სათავეს ამ მალამოს ისტორია, თუმცა მისი რეცეპტი თაობიდან თაობას საუკუნეზე მეტია გადაეცემა. ამჟამად, მას მარინა ჭიჭინაძე ამზადებს. მას ასეულობით მადლიერი პაციენტი ჰყავს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. გვიყვება, რომ მათი მალამო გარდა დამწვრობისა, კურნავს სხვადასხვა ჩირქოვან დაავადებას, გამონაყარს, სასარგებლოა ჩვილი ბავშებისთვის და ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და გინეკოლოგიაში.

„როგორც ჩემმა დედამთილმა, ქალბატონმა ლუბამ მიამბო, თურმე ის ბავშვობაში დაიწვა და ბებიამ სწორედ ამ მალამოთი მოარჩინა. შემდეგ, ჩემმა დედამთილმა ბავშვობაშივე ისწავლა ამ მალამოს დამზადება და 16 წლის იყო, როცა პირველი პაციენტი განკურნა. იმდენად ეფექტური გამოდგა მკურნალობის პროცესი, რომ მერე მოსვენებას არ აძლევდნენ... სწორედ, ამის შემდეგ გაითქვა ამ მალამომ სახელი... მისი დამზადება და პაციენტების მკურნალობის პროცესი დედამთილმა მასწავლა და ამას უკვე 40 წელია ვაკეთებ’’, - გვითხა მარინა ჭიჭინაძემ.
ლუბა ჯანაშია


ქალბატონი მარინა სიჭინავების სახელით ცნობილ მალამოს სახლის პირობებში ამზადებს. ყველა პაციენტის სახელს, გვარს, ასაკს, ტელეფონის ნომერს ინიშნავს და საჭიროებისამებრ, ხშირად ეკონტაქტება მათ.

,, I და II ხარისხის დამწვრობას ერთ კვირაში ვარჩენ. III „ა“ ხარისხს 15-დან 21 დღემდე, ხოლო III „ბ“ ხარიხს შეიძლება თვეებიც დასჭირდეს, თუმცა გააჩნია ფართობს. 1995 წლიდან დავიწყე ყველა პაციენტის რეგისტრაცია, შემდეგ გარკვეული პერიოდი ისევ არ ვინიშნავდი, თუმცა ახლა ყველაფერს ვინიშნავ პაციენტის შესახებ. ასევე ჩანიშნული მაქვს იმ პაციენტების კონტაქტები, ვინც დამწვრობის ცენტრიდან მოიყვანეს. მადლიერი პაციენტებისგან ხშირად ვიღებ წერილებს საზღვარგარეთიდანაც. ჯერჯერობით მალამოს შეძენა მხოლოდ ჩვენს ოჯახშია შესაძლებელი’’,- გვითხრა მან.

როგორც ამბობს, მალამოს დამზადების საიდუმლო რეცეპტი ოჯახის წევრებმა უკვე იციან, თუმცა ამ საქმის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი 15 წლის შვილიშვილი გიგი სიჭინავაა.

,,გიგი გვერდიდან არ მცილდება, როგორც კი ჩავასხამ მალამოს ტუბებში, ერთი სული აქვს, როდის დაახარისხებს და დაალაგებს თავის ადგილზე. სულ მეხმარება და ძალიან მოსწონს ეს პროცესი“, - გვიყვება მარინა ჭიჭინაძე.

ის პროფესიით ქიმიკოსია და ამბობს, რომ კოსმეტოლოგიური და გინეკოლოგიური თვალსაზრისით მალამოს გაუმჯობესებაზე დღემდე მუშაობს. მისი დიდი სურვილია წამლის დამზადების ლიცენზია მოიპოვოს, თუმცა უსახსრობის გამო ეს დღემდე ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, სიჭინავები მალამოს ფასის გაზრდას არ აპირებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ დამწვრობის წამალი ყველასთვის ხელმისაწვდოი უნდა იყოს.



Print