სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერი: მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება
"25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული",- ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს. გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო  რომ ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები. რაც შეეხება მოქალაქეების ტრანსპორტირებას სოფლების მიმართულებით - ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ გადაწვეტილებას", -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ მოხალისეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებშია ჩართული და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს. უმორჩილესი თხოვნა მექნება თითოეულ მოქალაქესთან, გაგებით მოეკიდონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც მერია კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ახორციელებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი თანაქალაქელი გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოხვიდეთ სახლიდან",- განაცხადა მერმა ბრიფინგზე.
Print