სარეკლამო მასალა
ბიოჰუმუსის წარმოება ფოთში - „ელკანას“ მხარდაჭერით გახსნილი საწარმო (ფოტო/ვიდეო)
ზვიად ხარებავა ფერმერია და სოფლის მეურნეობის სფეროში წლების გამოცდილება აქვს. კარგად იცის, რომ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად მდიდარი მიწაა საჭირო, ამისთვის კი, თავის მხრივ, ბიოჰუმუსი აუცილებელია. ფერმერს ფოთში წარმოების დასაწყებად დაფინანსებაში ასოციაია „ელკანა“დაეხმარა. მალე ბოიჰუმუსს არამხოლოდ საკუთარი, არამდე სხვების მიწების დასამუშავებლადაც გამოიყენებს.

„სოფელში მაქვს მიწის ნაკვეთი და ანალიზების ჩატარების შემდგომ დადგინდა, რომ მიწა იყო ღარიბი. აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა ნიადაგის გამდიდრება ბიოჰუმუსით და ასოციაცია „ელკანა“ დაფინანსებით მხარს დაუჭერდა მას, ვინც ამ წარმოებას დაიწყებდა. გამიჩნდა სურვილი, შემექმნა არა მარტო რეალიზაციისთვის, არამედ სოფლებში არსებული მიწის გასამდიდრებლად. შემოვიტანეთ მიმდებარე სოფლებიდან გადამწვარი ნაკელი, ჭიებიც ჩამომიყვანეს და დავიწყეთ ეს საქმიანობა, შედეგს კი ხედავთ, სანამდე მივედით. მის გაფართოებას ვაპირებთ სამომავლოდ. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, დაახლოებით 2.5-3 თვე დამჭირდა პირველი ბიოჰუმუსის ასაღებად“, - გვიყვება ხარებავა.

ვერმიფერმერის თქმით, არსებულ ფერმაში წარმოებული ბიოჰუმუსი არამხოლოდ საკუთარი მეურნეობისთვის არის საკმარისი, არამედ კომერციული მიმართულებითაც მომგებიანია.

მასთან ერთად სოფლის მეურნეობაში ვერმიკომპოსტის აუცილებლობაზე საუბრობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კონსულტანტი ნუკრი მემანრიშვილი. კონსულტანტი ამბობს, რომ ბიოჰუმუსი ნიადაგისა და მცენარისთვის საუკეთესოა, რადგან საკვები ელემენტებითა და ვიტამინებითაა სავსე.

„ბატონი ზვიადი აწარმოებს ბიოჰუმუსს, იგივე ვერმიკომპოსტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნიადაგის ნაყოფიერებისთვის და ფერმერებისთვის. მან შემოიყვანა ჭიაყელები, რომელიც, სხვათაშორის, ქართული ჯიშია, ბატონ გურამ გეჯაძის მიერაა გამოყვანილი.

ბიოჰუმუსის ფერმა ნიშნავს ჭიაყელებს, რომლებიც გადაამუშავებენ ნახევრად გადამწვარ ნაკელს და გვაძლევენ ამ ბიოჰუმუსს, რაც ნიადაგისა და მცენარისთვის არის საუკეთესო, საკვები ელემენტებით სავსე და ვიტამინებია შიგნით, ანუ რაც მცენარეს სჭირდება, ყველაფერია.

მოკლედ, ჩვენს პლანეტაზე საუკეთესო სასუქი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ზუსტად ეს ვერმიკომპოსტი ანუ ბიოჰუმუსი“, - თქვა მემარნიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ასოციაცია „ელკანაში“ გაერთიანებულია ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ფერმერები. ისინი იყენებენ ბიოჰუმუსს, ამზადებენ კომპოსტებს, მცენარეულ ნაყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსავალი მიიღება მხოლოდ ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებით.

„თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სულ ერთი ან ორი კილო ჭიაყელა, რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდება და შეგიძლიათ ერთი წლის მერე აი, ამხელა წარმოება მოაწყოთ თქვენი სახლის რომელიღაც პატარა ფარდულში“, - ყვება „ელკანას“ კონსულტანტი.

ასოციაცია „ელკანამ“ 2023 წელს სამეგრელოში 5 ლოკაციაზე მოაწყო ვერმიფერმა (ჭიაყელების ფერმა). მათ შორის ერთ-ერთი ფოთშია.




Print