რეგიონი
ხაჯიმბა: ჩვენ ამ დოკუმენტს აუცილებლად გავაფორმებთ
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მეთაური რუსეთთან მოკავშრეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების გაფორმებას მხარს უჭერს. რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ეს შეთანხმება აფხაზეთისათვის მნიშვნელოვანია და ეს არ გულისხმობს სუვერენიტეტის შემცირებას. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი თავისუფალია იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ ინტერესებში შედის. ხაჯიმბას თქმით, მოსკოვი ქმნის უსაფრთხოების პირობებს და მომავალში მას სახელმწიფოებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. "ჩვენ ამ დოკუმენტს აუცილებლად გავაფორმებთ. ის სჭირდება პირველ რიგში აფხაზეთს, მასში არ არის საუბარი ჩვენი სუვერენიტეტის ლიმიტირებასა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე. საერთო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, თუ როგორ დავალაგებთ ამ ურთიერთობებს",-განაცხადა ხაჯიმბამ. აღნიშნულზე განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანგბამ გააკეთა და აღნიშნა, რომ დოკუმენტით აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება. ამასთან, როგორც ბგანგბამ განაცხადა, ნეგატიურთან ახლოს არის ის რეაქცია, რომელიც დეპუტატების უმრავლესობას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჩამოუყალიბდათ. ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზეთს „ერთიანი ჯარის“ შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის „პარლამენტში“ შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას. ის ასევე ითვალისწინებს, საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას და „საზღვრის“ კონტროლის ერთობლივ განხორციელებას. სოხუმმა რუსეთთან გასაფორმებელი ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების საკუთარი ვერსია შეიმუშავა. სოხუმის რეჟიმის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რუსული საბაჟო და სამხედრო კონტროლი მხოლოდ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე არის გათვალისწინებული. ასევე ამოღებულია რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური მოქალაქეობის და, შესაბამისად, უძრავი ქონების ფლობის უფლების გამარტივებულად გაცემის პირობა.
Print