რეგიონი
„პრობლემას ვერ ვხედავთ რკინიგზის გახსნაში,“ - პაატა ზაქარეიშვილი
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებას, რომ თბილისი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ თბილისი რკინიგზის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ საქართველოს ინტერესები გათვალისწინებული იქნება. მისი თქმით, პუტინის თანაშემწემ განცხადების გაკეთებისას იგულისხმა ის წლები, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იყო და აღნიშნა, რომ, როგორც სააკაშვილი, ისე შევარდნაძე რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. „ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ რკინიგზის გახსნაში, თუ გათვალისწინებული იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესები,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებას მთავარ პირობად ასახელებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც. თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ არანაირი მოლაპარაკება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული, თუ სხვა ტიპის პროექტი განხილული იქნება, თუ ის ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესს.
Print