რეგიონი
ზუგდიდში ავტობუსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი რკინიგზის ავტოსადგურის შენობის წინ შეიკრიბნენ და ქალაქში საერთასშორისო სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ შესაძლო შემოსვლა გააპროტესტეს.

მძღოლების თქმით, უცხოური კომპანიის შემოსვლის შემთხვევაში, ისინი კონკურენციას ვერ გაუძლებენ და სამუშაო ადგილებს დაკარგავენ, რადგან კომპანია მგზავრებს გაცილებით კომფორტულად გადაყვანას და მომსახურებას სთავზობს.

„ჩვენს უკან მთელი არმიაა. არავის მივცემთ უფლებას ჩვენს ჯიბეში ჩაყოს ხელი და ცოლ-შვილი ულუკმაპუროდ დაგვიტოვოს“, - აღნიშნა ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლმა ბესიკ თაქთაქიშვილმა.

აქციის მონაწილეებთან ერთად ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია იმყოფებოდა. ის მძღოლებს თანადგომას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ერთად იბრძოლებენ.
„კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში უნდა შემოსვლა და 900-მდე ტრანსპორტის შემოყვანას გეგმავს. ეს ამბავი ასე არ დამთავრდება. საჭიროების შემთხვევაში, აქციებს დედაქალაქშიც გავმართავთ“, - განმარტა ლავრენტი ალანიამ.

მოგვიანებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ ადგილზე მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. ზუგდიდის ვიცე მერის გია გულურდავას თქმით, მერია აღნიშნულ კომპანიას სადგურის მშენებლობის ნებართვას არ მისცემს, რადგან ის ადგილი, სადაც უცხოურ კომპანიას სადგურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი, რეკრეაციული ზონაა.

„უფრო მეტიც ეს კომპანია ჩვენმა სამსახურმა უნებართვო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმა“, - აღნიშნა გია გულორდავამ.

საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მსგავსი აქცია სექტემბერშიც გამართეს.

Print