რეგიონი
რა პრობლემები აქვთ საზღვრისპირა სოფლებს? - დროებითი საპარლამენტო კომისია ზუგდიდში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ადმინისტრაციული ერთეულებისა და სოფლის გამგებლებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

სოფელ ხურჩის რწმუნებულის ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლებს გამრიცხველიანება არ სურთ, რადგან ფიქრობენ, რომ ელექტროენერგიაზე დაწესებულ ტარიფებს ვერ გაწვდებიან. სოფლის გამგებელი ელექტრო ენერგიის საფასურზე შეღავათებს ითხოვს.

ამბულატორიას ითხოვს სოფელ ტყაიას გამგებელი ედემ კეკუტია.

"ჩემი თხოვნა იქნება, გაკეთდეს აბულატორია საზღვრებთან ახლოს, დევნილებს უწევთ გადმოსვლა რომლებსაც მოჰყავთ ავადმყოფები", - განაცხადა კეკუტიამ.

ამასთან, საზღვრისპირა სოფლებში ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემად გზა, ელექტროენერგია და წყალით მომარაგება რჩება.

კომისიას წევრებთან ერთად სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდნენ.

სხდომის ბოლოს კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ მთავრობის წარმომადენლებს მეტი აქტიურობისა და მოძრაობისკენ მოუწოდა.
Print