რეგიონი
პრემიერ-მინისტრი სამთო-სათხილამურო კურორტ "თეთნულდს" დღეს ოფიციალურად გახსნის

სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდს" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ოფიციალურად გახსნის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს გაიხსნება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. ამავე ინფორმაციით, თეთნულდზე წარმოდგენილი იქნება ყველა სირთულის ტრასა.
სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" ეკონომიკის სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტში გადავიდა. "თეთნულდის" მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 100 მილიონი ლარია და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება, ასევე მთელი სეზონის განმავლობაში საბაგიროს მომსახურებაც უფასო იქნება.

სპეციალისტების დასკვნით, "თეთნულდი" ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.

"თეთნულდი" ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

 

Print