რეგიონი
წალენჯიხაში 15 ჰექტარი ჩაის პლანტაციების აღდგენა იგეგმება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით პროექტების მართვის სააგენტომ ჩაის პლანტაციების აღდგენის პროგრამის "ქართული ჩაი" განხორციელება დაიწყო.

პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მხარდაჭერისა და განვითარების უფროსი მიხეილ კუჭავა, პროგრამის "ქართული ჩაი" მენეჯერი ლევან უროტაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერს ესტუმრნენ და ჩაის სარეაბილიტაციო ნაკვეთები მოინახულეს. სოფელ ეწერში პროგრამის ფარგლებში 15 ჰექტარზე განთავსებული ჩაის პლანტაციების აღდგენა იგეგმება.

აღნიშნული პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება თებერვლის თვიდან დაიწყო და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. გარდა ამისა, პროექტების მართვის სააგენტოს ცნობით,  პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების აღდგენა.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივები  ჩაის პირველადი დამუშავებისთვის, დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.


Print