რეგიონი
შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს ზუგდიდში ახალი ეკიპირება გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ეწვია და მეხანძრე-მაშველებს საბრძოლო ფორმები (სრული ეკიპირება - ფეხსაცმელი, რეზინის ბოტები, ტანსაცმელი, ჩაფხუტი), ასევე, სპეციალური დანიშნულების აირწინაღები, გენერატორები, წყლის ტუმბოები და ჰიდრავლიკური მაკრატლები გადასცა.

საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ეკიპირებით შსს-ს მეხანძრე-მაშველების სრული შემადგენლობა აღიჭურვა. უწყების ინფორმაციით, თანამედროვე აღჭურვილობა ინციდენტებზე რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს.

გიორგი მღებრიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს გარემონტებული შენობაც დაათვალიერა. ორსართულიანი შენობა 2015 წელს განახლდა, გარემონტდა, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა.
სამმართველოში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 37 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდს 3 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა ემსახურება.
Print