რეგიონი
დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში წყლით მოიწამლნენ ფულად დახმარებას გაუწევენ
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში არსებული ჭაბურღილის წყალი შესაძლებელია ისევ დაბინძურებული იყოს, რის გამოც მოსახლეობა მას სასმელად კვლავ არ იყენებს.

წყლის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში მუშა ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მას ახალი დასახლების, ადგილობრივი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და რეგიონის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები დესწრნენ. საკრებულოს პრესამსახურის ინფორმაციით, მერაბ ქვარაიასთან შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც წყლის დაბინძურებიდან დღემდე ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აწვდის.

სამეგრელოს დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს. თანხის რაოდენობა ჯერ უცნობია.

"წყალი ტექნიკურად გამოყენებადია, თუმცა დადასტურებულად ვერ ვამბობთ, რომ დასალევად ვარგისია, ამიტომ მოსახლეობას სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში ვაწვდით", - აცხადებს დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა.

დაახლოებით ორი კვირის წინ, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს აღენიშნებოდათ.  აქედან,16 პაციენტი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, დანარჩენებმა მკურნალობას სახლის პირობებში გაიარეს.


Print