რეგიონი
ჰამერბერგი აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციას შეისწავლის
ევროპის საბჭოს კომისარი აფხაზეთს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესაფასებლად ეწვია. აფხაზური მედიის ცნობით ვიზიტის ფარგლებში ის დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადა ადამიანის უფლებების სფეროში სიტუაციის შესწავლის მიზნით თომას ჰამერბერგის საქმიანობისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების პერსპექტივა განიხილეს.

"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, მაგრამ ამავე დროს, იმედი გვაქვს, რომ ნეიტრალური იქნებით, რის დემონსტრირებასაც თქვენს საქმიანობაში ყოველთვის ახდენდით. როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში, ჩვენთანაც არის პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ჩვენ მათ არ ვმალავთ და ვმუშაობთ ამ პრობლემების გადასაწყვეტად. პოლიტიზირებული იარლიყების წინააღმდეგი ვართ. საჭიროა იმ ობიექტური სირთულეების გათვალისწინება, რომლებსაც ახალგაზრდა აფხაზურ სახელმწიფოს უწევს გამკლავება, საქართველოსთან დაურეგულირებელი ურთიერთობების ჩათვლით. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი კვლევის შედეგები არ იქნება გამოყენებული აფხაზეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად და სხვადასხვა სახის სპეკულაციებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს არა მარტო ჩვენთან არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას, არამედ ჩვენი სახელმწიფოს სწორად აღქმას საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ირაკლი ხინთბა და ჰამერბერგის თანაშემწე მაგდალენა რიჩოვა გრონო. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლამდე ჰამერბერგმა შეხვედრები თბილისში გამართა.
Print