რეგიონი
ზუგდიდში შსს-ს არქივის უნიკალური მასალების ჩვენება გაიმართება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგენს პროექტს - „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!“

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ,რომ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შსს არქივის სპეციალური გამოშვება - ,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, სადაც ასახულია მასალების მცირე ნაწილი, რომლებიც ეხება ზუგდიდის რაიონს. კერძოდ, კრებულში თავმოყრილია გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში, გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები, სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ჩვენება: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“. 
Print