რეგიონი
მერიის კეთილმოწყობის სამსახური: შეთავაზებული ახალი კარი დამიწუნა (ვიდეო)
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ციმინტია მოქალაქე ლალი ცირდავას მიერ გამოთქმულ გუშინდელ ბრალდებებს უარყოფს.
მისი თქმით, არანაირი თანხა არ იყო გადმორიცხული, უბრალოდ მას ერთი ოთახის გარემონტება სთხოვეს.
რაც შეეხება ცირდავას პრეტენზიას რემონტის უხარისხობაზე, მამუკა ციმინტიას განმარტებით, შარშანდელთან შედარებით ოთახი კარგად არის მოწყობილი.

„შეიძლება არ იყოს ევროსტანდარტის დონის, მაგრამ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ამ ერთ ოთახში შეიცვალა მთლიანად კედელი. შეთავაზებული ახალი კარი დაგვიწუნა, მქონდა მეორადი კარი, წავიყვანე და თვითონ აარჩია. “ -განაცხადა მან.
მოქალაქე ლალი ცირდავას საცხოვრებელ სახლში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მშენებლებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ რომ, გუშინ დილით ლალი ცირდავამ საკუთარი საცხოვრებელი კარი ჩამოხსნა და პროტესტის ნიშნად მერიასთან დადო. მისი თქმით, დედამისის, 79 წლის ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ოთახის გასარემონტებლად ქალაქ ზუგდიდის მერიამ 4 ათას რვაასი ლარი გამოყო,ხოლო ამ თანხის შესაბამისი სარემონტო სამუშაოები მათ საცხოვრებელ ბინაში არ განხორციელებულა.

ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ 64 დღე იწვა.

მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მას საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.

ამავე თემაზე:

მოქალაქემ მერიას პროტესტის ნიშნად კარი უკან მიუბრუნა (ვიდეო)



Print