რეგიონი
კორცხელის ინციდენტში მონაწილეებს გირაო შეუფარდეს (ვიდეო)
კორცხელის დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებულ პირებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაო შეეფარდათ. ხუთ მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 7-7 ათასი ლარი, ხოლო ერთს- 10 ათასი ლარი.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის შედეგადაც აღნიშნული გადაწყვეტილება დადგა.

"უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება იმ მიზნით არ იქნა გამოყენებული, რომ ბრალდებულები თავისით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და ასევე, ისინი ყველა გამოძახებაზე თანამშრომლობენ  საგამოძიებო ორგანოებში, აქედან გამომდინარე, მათი მიმალვის საშიშროება არ არსებობდა", - განაცხადა საქმის პროკურორმა თეიმურაზ ჯალაღონიამ.

ბრალდებულების ადვოკატის ზურაბ ბელთაძის თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან სსკ 239-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, რაც ხულიგნობას გულისხმობს, არ ეთანხმებიან.

შეგახსენებთ,რომ შსს-მ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა.  უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.


Print