პოლიტიკა
ამირან ლაგვილავა: არ ვთვლი რომ პოლიტიკური მოტივით გამათავისუფლეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერის კოლეჯის დირექტორი ამირან ლაგვილავა,
რომელიც შუალედურ არჩევნებში კორცხელის მაჟორიტარობისთვის მმართველი პარტიის კვოტით იბრძოდა, მისი გათავისუფლების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

ამის შესახებ მან რადიო "ათინათთან" ისაუბრა.

"გიდასტურებთ,სამსახურიდან გათავისუფლება ჩემთვის მოულოდნელი იყო. არ ვარ გარკვეული,რა მოხდა. 22 ივნისს ზუგდიდის გამგეობის კანცელარიიდან დამიკავშირდნენ. მნიშვნელოვანი დარღვევა არაფერი მქონია. ის რაც,შიდა აუდიტის დასკვნის 2 თვის წინანდელ საფუძველზე მქონდა გამოსასწორებელი,ყველაფერი გამოვასწორე. ვფიქრობ,არანაირი სამსახურებრივი გადაცდომა არ მქონდა. ორშაბათს შევხვდები გამგებელს და დეტალებში გავერკვევი,სხვას ვერაფერს გეტყვით. არ ვთვლი,რომ პოლიტიკური მოტივით გამათავისუფლეს. არ ვაპირებ საქმის გასაჩივრებას,დავჯდები სახლში",- განაცხადა მან.

ის რომ,ამირან ლაგვილავა სამსახურიდან დაითხოვეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რადიო "ათინათს" 24 ივნისს დაუდასტურეს.

იგი, 22 მაისს კორცხელში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან დამარცხდა. ვარადებულ ლაშხიამ მას 10 ხმით მოუგო.
Print