რეგიონი
სოხუმს არ სურს დევნილთა საკითხის ჟენევის ფორმატში განხილვა
სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებების 36 - ე რაუნდის შედეგებზე იმსჯელეს.
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხებზე გაამხვილა ყურადღება.

საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე საუბრისას, ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა, რომ მას „გენერალური ასამბლეის წევრების ნახევარმაც კი არ დაუჭირა მხარი“.

იმის გამო, რომ საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აყენებს ამ საკითხს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები ამ საკითხს ჟენევაში არ განიხილავენ, განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

2016 წლის 19 მაისს ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ინცინდენტზე მსჯელობისას, ჩირიკბამ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ აფხაზურს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეული სახის დოკუმენტები მიაწოდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 6 ივლისაა დაგეგმილი, შედგება მასალების გაცვლა, რაც, მისი თქმით, გამოძიებას დაეხმარება.

ჩირიკბამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მომხდარი, ერთადერთი შემთხვევაა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მან განმარტა, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანების გატაცების შემთხვევებიც.

Print