რეგიონი
სარეკრეაციო ზონაში გაყიდულ მიწის ნაკვეთს სტატუსი შეეცვალა

სოფელ განმუხურში 3 3951 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს, სადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია შპს "ბლექ სი რივერა" ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, სტატუსი შეეცვალა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონა #2 მიენიჭა. დღემდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკურორტო-სარეკრეაციო ზონა #1 სტატუსს ატარებდა.

ცნობისთვის, შპს "ბლექს სი რივერა" სოფელ განმუხურში 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. მისი საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული. აუქციონი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით ,,ბლექს სი რივერა" სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს მოაწყობს. ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.

Print