რეგიონი
ქალაქ ზუგდიდს საკუთარი დროშა და გერბი აქვს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი ერთხმად დაამტკიცა.

გერბის ფარის ლაჟვარდისფერ ფონზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია ღვთისმშობლის კვართი. ფარს ზემოთ მოთავსებულია ვერცხლის გვირგვინი, სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით, რომელსაც გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. მის ქვემოთ კი, ვერცხლის ველზე  ჩაწერილია გერბის დევიზი - "ზუგდიდი." სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.

რაც შეეხება დროშას, ის წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის, ლაჟვარდისფერ ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.

''ძალიან სასიხარულო და შეიძლება ითქვას ისტორიული ფაქტია. ჩვენს ქალაქს გამორჩეულად ლამაზი და დახვეწილი სიმბოლოები გააჩნია. გერბისა და დროშის შექმნის პროცესი თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა და მასში მონაწილეობდნენ ჰერალდიკოსები, ისტორიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. საბოლოო ვარიანტი სხვადასხვა მოსაზრებათა შეჯერების შედეგად შეიქმნა", - განაცხადა დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ.

Print