რეგიონი
ქართველი მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
ქართველი მორაგბეები რეგიონებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეხვედრებს განაგრძობენ.

6 ივლისს ისინი სამეგრელოში, სოფელ ერგეტაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და მათთან ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრებენ. შეხვედრა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართება, მონაწილეობას ვეტერანი ბორჯღალოსანი ნოდარ ანდღულაძე და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მიიღებენ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პან გი მუნის კამპანიაში „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. ამას გარდა, ბორჯღალოსნები ჩართულები არიან სოლიდარობის მოძრაობაში გენდერული თანასწორობისთვის HeForShe. ამ კამპანიების ფარგლებში ისინი თბილისსა თუ რეგიონებში უფროსკლასელ ბიჭებს ხვდებიან და მათ თანასწორობაზე, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

„რაგბი და მორაგბეები საქართველოში ძალიან უყვართ. ვფიქრობ, რომ თითოეული მორაგბისა და სპორტსმენის ავტორიტეტის გამოყენება ისეთ პრობლემასთან ბრძოლაში, როგორიც ქალთა მიმართ ძალადობაა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდი ხანია ამ კამპანიებში ვმონაწილეობთ და ყოველთვის მზად ვართ ასეთი ტიპის აქტივობებში ჩართვისთვის“,- აღნიშნავს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი.



Print