რეგიონი
ახალსოფელში ჩასახლებული დევნილები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ (ვიდეო)

ზუგდიდში, სოფელ ახალსოფელში, რეაბილიტირებულ შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა საცხოვრებელი გარემო პირობების შეცვლის მიზნით აქცია გამართეს. მათი თქმით, კორპუსში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ, ნესტია და ამის გამო მათ სასუნთქი გზების პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, დევნილები წყლის მრიცხველის ინდივიდუალურად დამონტაჟებას და ეზოს კეთილმოწყობასაც ითხოვენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სკოლა-ინტერნატის ყოფილ შენობაში 42 ოჯახი აქ 2015 წლის ივლისში ჩაასახლა. შენობის რეაბილიტაცია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა.

დევნილთა პრობლემების შესახებ ინფორმირებულია აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა. მისი თქმით, მათ წყლის მრიცხველის პრობლემა მალე მოუგვარდებათ. რაც შეეხება შენობაში არსებულ სხვა საკითხებს მას, ის საერთაშორისო ორგანიზაცია მოაგვარებს, რომელმაც თავის დროზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასწია.

ცნობისთვის, აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2014 წელს 141-მა ოჯახმა შეავსო. ბინები კი იმ დევნილებმა მიიღეს, რომლებსაც შესაბამისი ქულა მიენიჭათ კრიტერიუმების გათვალისწინებით.


Print