რეგიონი
"ქვის ფილების" აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, პარტიის მხარდამჭერებმა და რამდენიმე მუშამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კუთვნილი ხელფასის დარიგებას იმ მუშებისთვის ითხოვდენ, რომლებმაც ზუგდიდის ცენტრში, დაახლოებით, 7-8 თვის წინ, ქვაფენილები დააგეს. აქციის მონაწილეებს თან სხვადასხვა შინაარსის პლაკატები და სიმბოლურად, ქვის ფილები ეჭირათ. მოგვიანებით,მათ ქალაქის მერიასთან გადაინაცვლეს და ქვის ფილები და პლაკატები ადმინისტრაციული შენობის წინ, კიბეებთან დააწყვეს.

ყოფილი მმართველი პარტიის წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უმოქმედობაში და დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულეს, ხოლო პროკურატურა - საქმის გაჭიანურებაში. საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით, მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ვიცე- მერ გია გულორდავასთან ერთად, ე.წ "ატკატებით" გარკვეული თანხა აიღეს, რამაც საბოლოო ჯამში, შპს "ამი 2014"-ს გაკოტრება გამოიწვია.

თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს არის დავა კერძო კომპანიასა და მუშებს შორის. გუბერნატორის პრესსამსახურის თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გუბერანტორმა ურჩია მუშებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის მიემართათ და ასევე, მუშები და სამართალდამცავები ერთმანეთს სწორედ მან შეახვედრა.

შეგახსენებთ,ისინი კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავდნენ, მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ასევე რამდენიმე თვის წინ განცხადებით პროკურატურასაც მიმართეს.

ცნობისთვის, შპს-მ "ამი 2014" ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ქვაფენილები დააგო. ზუგდიდის მერიას კომპანიისთვის შესრულებული სამუშაოსთვის თანხა დარიცხული აქვს. "ამი 2014" -ის წარმომადგენლებთან რადიო "ათინათი" დღემდე დაკავშირებას ვერ ახერხებს.

Print