რეგიონი
ფოთში ,,რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიხსნა
ფოთი ,,რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს“ მასპინძლობს.
ფესტივალი ,,ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში“ საზეიმოდ  დღეს გაიხსნა.

თბილისის ,,რკინის თეატრმა“ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი კოპროდუქცია ,,ჩიტები“ წარმოადგინა, რომლის რეჟისორია დავით ანდღულაძე.

სპექტაკლის დაწყებამდე ,თეატრის წინ, ღია სივრცეში თბილისის ,,დრამ შულისა“ და მსახიობების მონაწილეობით შოუ-პროგრამა გაიმართა. თეატრის ფოიეში კი გამოფენა გაიხსნა. აქ წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მსახიობების კოსტიუმები სპექტაკლებიდან, მაკეტები, აფიშები და ფოტო მასალა.

ცნობისთვის, ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა. ის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ ,,დღეს“ ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

წლევანდელ ფესტივალში 17 ქართული სახელმწიფო, რეგიონული და რამდენიმე უცხოური თეატრი მონაწილეობს.

გახსნას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი ათ დღე გაგრძელდება და 27 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.
Print