რეგიონი
ანაკლიაში "მომავლის ბანაკი" გაიხსნა (ვიდეო)

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,,მომავლის ბანაკი" ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა. მის ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დაესწრნენ.

ბანაკს პირველ - ორ ნაკადზე  ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული "სპორტული ოლიმპიადის" 12-18 წლის, 576 მონაწილე ესტუმრება. ანაკლია წელს სულ 7 ნაკადს - 2304 მოზარდს მიიღებს.

ბავშვების უსაფრთხოებას "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს" თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.




Print