რეგიონი
პორტის მშენებლობამდე ანაკლიაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება

ანაკლიაში, პორტის მშენებლობის დაწყებამდე, არქეოლოგიური გათხრები

იწარმოება. შავი ზღვიდან აღმოსავლეთით 1,2 კმ-ის დაშორებით, ერგეტიდან ზღვისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს ხელოვნურად შემაღლებული ბორცვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ,,შუხუზი მაქაცარიას დიხაგუძუბას" უწოდებს. სწორედ, ამ ბორცვის შესწავლას გეგმავს ზუგდიდის გამგეობა. სამუშაოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოიყო და გათხრები, სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება.

გამგეობის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას განმარტებით, ეს ნამოსახლარი წინასწარი მონაცემებით, კოლხური კულტურის ბრინჯაოს, ადრერკინისა და ანტიკური ხანის ფენებს შეიცავს. მისივე თქმით, ამ ადგილას ზედაპირზე იკრიფება წითლად გამომწვარი ბათქაშებისა და სხვადასხვა პერიოდის კერამიკული მასალები.

"მრავალწლიანი არქეოლოგიური კვლევებით გარკვეულია, რომ აღნიშნული ტერიტორიის ათვისება ძველი კოლხების მიერ 4000 წლის წინ დაიწყო და ძალიან მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს წარმოადგენდა მთელი 2000 წლის განმავლობაში - ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე. აშკარად ჩანს, რომ ეს კუთხე პირველი ქართული სახელმწიფოს კოლხეთის ერთ-ერთ ძირითად ბირთვს წარმოადგენდა", - აღნიშნა მან.

აღნიშნული ტერიტორია ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩასატარებლად გამგეობამ ნებართვის მოთხოვნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა.

 

Print