სპორტი
ზუგდიდში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მწვრთნელებს შეხვდნენ (ვიდეო)

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახაბერ ჭუმბურიძე, ახალგაზრდა ნაკრების მწვრთნელი გია გეგუჩაძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები, დღეს ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებს შეხვდნენ.

მათ შეხვედრის მონაწილეებს ის პროგრამები გააცნეს, რომელთა ამოქმედებასაც ფედერაცია უახლოეს მომავალში გეგმავს.

ჭუმბურიძის განცხადებით, ფედერაციისთვის პრიორიტეტულია რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ამ მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარება. მათ შორის, დაგეგმილია მწვრთნელების გადამზადება, სკოლებისთვის გარკვეული ინვენტარის მიწოდება, ეკიპირება და სხვა.

ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდის ფეხბურთის აკადემია, რომლის დახურვაც იგეგმებოდა, ფუნქციონირებას გააგრძელებს.

21 წლამდე ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კი მათ უთხრა, რომ რეგიონის სკოლების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებიან.

თავის მხრივ, აღმზრდელებმა ყველაზე მწვავე პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, სკოლებში არ არის ელემენტარული სათამაშო პირობები, არა აქვთ ბურთები, სათამაშო მოედნები, ფორმები და სხვ.

საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელებმა კახა ჭუმბურიძეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა და მუნიციპალიტეტების მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენა სთხოვეს.

Print