რეგიონი
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს პროკურატურის ცნობით, მას ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა. ასევე, 2 წლითა და 3 თვის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქმე ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება.

"კერძოდ, 2009 წლის დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას როლანდ ახალაიამ მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიას მეუღლეს მარინე ესებუას, მეუღლის თავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით, უკანონოდ მოსთხოვა არარსებული "ანაკლიის განვითარების ფონდის" ანგარიშზე 150 000 ლარის ჩარიცხვა და გადასცა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, მაშინ როდესაც ეს ანგარიში რეალურად წარმოადგენდა კერძო კომპანია "სანის" საბანკო ანგარიშს. მარინე ესებუა დათანხმდა შეთავაზებულ პირობას და მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი მეგობრის მეშვეობით 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის" საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ფირმის მიერ, საკუთარი კომერციული მიზნებისთვის.

სასამართლომ ასვე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ იგივე ხერხით, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის დასაფარად, ბრალდებულის ოჯახის წევრებს უკანონოდ შეატანინა 60 000 ლარი შპს "სანის" ანგარიშზე, რომელიც ასევე სრულად იქნა გახარჯული აღნიშნული კომპანიის მიერ კომერციული მიზნებისთვის.

აღნიშნული ქმედებებით როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი საოლქო პროკურორის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტს გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რაც 2016 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენით, უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა პროკურატურის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

Print