რეგიონი
ზუგდიდის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ქალაქ ზუგდიდის მერია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მერია ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხებს წინასაარჩევნოდ იყენებს.

ოპოზიცური პარტიის დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, მერია მუნიციპალიტეტის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით, სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, მათ შორის ბეჭდური მასალებისა და რადიო გადაცემების მომზადებისთვის, 62 000 ლარის დახარჯვას აპირებს. მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურეობების შესყიდვა საარჩევნო პერიოდს მიზანმიმართულად დაამთხვიეს.

"თავისუფალი დემოკრატები" მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომ ზუგდიდი არის ამ შემთხვევაში თვალსაჩინო მაგალითი და ამ კომისიამ უნდა მიიღოს კონკრეტული რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები არ იქნეს მიღებული და არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის პირდაპირი გამოყენება წინასაარჩევნოდ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუგდიდი უნდა იყოს სატესტო უწყებათაშორისი კომისიისათვის და ჩვენ ვნახავთ რეალურად აქვს თუ არა ხელისუფლებას ქვეყანაში ნორმალური და შეჯიბრებითობაზე დაყრდნობილი საარჩევნო კამპანიის წარმოების უნარი", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებებს ქალაქის მერიაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას, არჩევნებთან კავშირი არა აქვს.

"მედიასაშუალებების თუ სხვა მომსახურეობების შესყიდვა, საარჩევნო პერიოდს მექანიკურად დაემთხვა. ასევე პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით, მესამე კვარტალი - ზაფხული და შემოდგომა უფრო აქტიურია და ამ მიმართულებით შესყიდვაც მეტი განხორციელდა"- აღნიშნა საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მურთაზ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, მოსახლეობაში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებს, ასევე გამოსცემს გაზეთს, შეისყიდის რადიოს საეთერო დროს და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებას.

Print