სპორტი
დღეს ზუგდიდში მოტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართება
ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მოტომოყვარულთა შეჯიბრი ჩატარდება. რბოლა 14 საათზე დაიწყება, გამარჯვებულების დაჯილდოვება, დაახლოებით, 20 საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ავტომოყვარულთა შეჯიბრი კი გუშინ შედგა, რომელშიც მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა მრბოლელებმა მთელი საქართველოდან მიიღეს.

ავტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოვლინდენ. პირველი ადგილების მფლობელებს 600 ლარი, 150 ლიტრი ბენზინი და „Gem fest“-ის 1000 ლარიანი - VIP ბილეთი გადაეცათ. მეორე ადგილის მფლობელ ხუთივე მონაწილეს კი 400 ლარი, 100 ლიტრი ბენზინი და „Gem fest“-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცა. მესამე ადგილზე გასულმა ავტომრბოლელებმა კი 200 ლარი, 50 ლიტრი ბენზინი და „Gem fest“-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი მიიღეს. პრიზები გამარჯვებულებს ღონისძიების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა გადასცეს.

სპორტულ სანახაობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გუბერნატორ ლევან შონიას თქმით, ავტო-მოტო შეჯიბრი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება.

ცნობისთვის, ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ "ახალგაზრდობის წლის" ფარგლებში იმართება. 2016 წელი სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

Print