რეგიონი
ფაზილ ისკანდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოხუმში გლოვის დღე გამოცხადდა
ცნობილი მწერლის ფაზილ ისკანდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დე ფაქტო აფხაზეთში 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.

რუსი პოეტი და მწერალი ფაზილ ისკანდერი 88 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. ის სოხუმში 1929 წელს დაიბადა. პოეტისა და პროზაიკოსის კალამს ეკუთვნის: „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ჰერაკლეს მეცამეტე გმირობა“, „სოფიჩკა“, „პოეტი“, „კურდღლები და გველები“,“დასაწყისი“ და სხვა. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ფილმები და თეატრალური დადგმები. ისინი ნათარგმნია მრავალ ევროპულ ენაზე.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ისკანდერს მრავალი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „ სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ II ხარისხის ორდენი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, სსრკ-ს სახელმწიფო პრემია. მისი სახელი მოსკოვის ბიბლიოთეკას, ასევე  ერთ-ერთ პატარა პლანეტას ეწოდა.

Print