რეგიონი
თურქეთის მოქალაქეებმა აფხაზეთში ჩასასვლელად დამატებითი საბუთები უნდა წარადგინონ
თურქეთის მოქალაქეებს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესასვლელად, „ვიზის“ გარდა, ნასამართლეობის შესახებ დოკუმენტების წარდგენაც მოუწევთ. თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვის მისაღებად, აუცილებელია პასპორტის ასლის და ელექტრონულად შევსებული ანკეტის გაგზავნა“.

2016 წლის პირველ აპრილს დე ფაქტო აფხაზეთში,“უცხოელი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ” კანონი მიიღეს, რომლის თანახმად, უვიზოდ შესვლას იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ან მიღწეულია შესაბამისი „მთავრობათაშორისი შეთანხმებები“.
დე ფაქტო აფხაზეთში „უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი“ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის, ნიკარაგუას, ტუვალუს, მოლდავეთის დნეპრისპირეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთზე. ასევე ბელორუსის და ყაზახეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რეგიონში ტურისტული მიზნით ჩადიან, არა უმეტეს ორი კვირისა.


Print