რეგიონი
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოხალისეებს ეძებს
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პროექტის "ZRDA" ფარგლებში, რომელიც USAID -ის მხარდაჭერით ხორციელდება, საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ის დევნილთათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს და სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ჩატარდება.

სააგენტოს დირექტორის ირაკლი უჯმაჯურიძის განმარტებით, კამპანია მოხალისეთა აქტიური ჩართულობის საშუალებით განხორციელდება. მისივე თქმით, შერჩეული მოხალისეები ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, დევნილთა ჩასახლებებში კარდაკარის პრინციპით გაავრცელებენ.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 90 მოხალისე გვჭირდება. შერჩევის კრიტერიუმებია: 18-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, უპირატესობა  დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსების მქონე აპლიკანტებს მიენიჭება. მოხალისეები სიმბოლურ ანაზღაურებას - დღეში 15 ლარს მიიღებენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საინფორმაციო კამპანიის დასრულების შემდეგ, მოხალისეებს კამპანიაში მონაწილის სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო გამორჩეულ მოხალისეებს დევნილთა სამმართველოებში სტაჟირების გავლის შანსი მიეცემათ", - აღნიშნა რადიო "ათინათთან" საუბარისას ირაკლი უჯმაჯურიძემ.

დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს განაცხადის შეავსება შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს ა.წ. 7 აგვისტომდე შეეძლებათ. 

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი "ZRDA" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში.

ამ მიზნით, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

პროექტი ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს მოიცავს. მისი განხორციელების შედეგად, სამიზნე თემებში 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო 11 000 ოჯახს შემოსავლები გაზრდება.

Print