რეგიონი
ოთარ დანელია ასხის მთის საზაფხულო საძოვრებზე იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქვეყნის მთავარ ვეტერინართან მიხეილ სოხაძესთან ერთად, სამეგრელოში, ასხის მთის საზაფხულო საძოვრებზე ვეტერინარული ღონისძიებების პროცესს გაეცნო.

"მეცხოველეობის დარგი ერთ-ერთი პრიორიტეტულია და შესაბამისად, მისი განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვახორციელებთ. აღნიშნული ღონისძიებები მიკვლევადობას, ცხოველთა ჯანმრთელობასა და ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ფერმერებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით ის გართულებები ავიცილოთ თავიდან, რაც ცხოველთა დაავადების შემთხვევაში იქმნება", - განაცხადა მან.

სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე სამეგრელოს რეგიონში იდენტიფიცირებულია 332 ათასი სული მსხვილფეხა და 12 ათასამდე წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზზე კვლევა (სერომონიტორინგი) 3 878 სულ პირუტყვს ჩაუტარდა. 2016 წელს სამეგრელოს რეგიონში დაავადება თურქულზე ვაქცინირებულია 121 987 სული მსხვილფეხა და 10 649 წვრილფეხა პირუტყვი, ჯილეხზე - 29581 პირუტყვი.

Print