რეგიონი
სამეგრელოში "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატებმა პატრიარქისგან რჩევა-დარიგებები მიიღეს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ქვარაიას თქმით, მათ უწმინდესისგან ლოცვა-კურთხევა და რჩევები მიიღეს. პატრიარქსა და პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა 13 აგვისტოს საპატრიარქოში გაიმართა.

"ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ბევრი სასარგებლო რჩევა - დარიგება მივიღეთ. პატრიარქის შეხვედრის შემდეგ არ შეიძლება ემოციის ქვეშ არ იყო ადამიანი და აი, ამ განწყობით ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას", - უთხრა რადიო "ათინათს" მერაბ ქვარაიამ.

აღნიშნულ შეხვედრას არ დასწრებია ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მოქმედი დეპუტატი გოდერძი ბუკია.

ცნობისთვის, სამეგრელოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები არიან: ქალაქი ზუგდიდი - მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ედიშერ თოლორაია, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - გოგა გულორდავა, მარტვილი - აბაშა - ოთარ დანელია, ფოთი - ირაკლი ხახუბია.

Print