რეგიონი
სვანეთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
სვანეთში მოსახლეობა ტყე-კაფის გამოყოფას და უკვე გამოყოფილ ადგილებში საავტომობილო გზების გაკეთებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც სატყეო სამსახურის უფროსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, ტყე–კაფის საკითხი მოსახლეობისთვის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალურია. მათივე ინფორმაციით, ტყე-კაფებისთვის გამოყოფილ ადგილებში მაღალი გამავლობის ავტომობილებიც ვერ მიდიან, რის გამოც ისინი უმუშევრად რჩებიან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებენ, რადგან ტყე-კაფებში გზების გაკეთება მათ ფუნქციებში არ შედის.

სვანეთის მოსახლეობის განცხადებით, თუ სატყეო სამსახური მათ პრობლემებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მოაგვარებს, ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ამ დროისათვის, აქცია დროებით შეწყდა.

Print