რეგიონი
ოთარ დანელიამ ნარაზენში თხილის ახალი ბაღი დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში აგროპროექტის "დანერგე მომავალი" ფარგლებში გაშენებული თხილის ახალი პლანტაცია მოინახულა. მინისტრთან ერთად პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ადგილობრივმა ფერმერმა ზაზა გვათუამ 15 ჰა ფართობზე ახალი თხილის ბაღი გააშენა. ფერმერი პროექტში 2016 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისათვის 8,925 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის - "დანერგე მომავალი" ფარგლებში ხეხილის ბაღები სულ 224 ჰა ფართობზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება.

აგროპროექტი "დანერგე მომავალი" 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროექტის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

Print