რეგიონი
კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები სურამში დაისვენებენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები თხუთმეტი ბავშვი, მშობლებთან ერთად, დღეს სურამში გაემგზავრა. ასოციაცია „იმედის“ პროექტში, რომელიც გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ის ბავშვები მოხვდნენ, რომლებსაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ.

ისინი კურორტზე, პედიატრის თანხლებით, 10 დღის განმავლობაში დაისვენებენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გიზო სართანიას თქმით, აღნიშნული პროექტი 6000 ლარით დაფინანსდა.

„ასოციაცია იმედის“ პროექტი, რომ ვნახეთ დაუფიქრებლად დავაფინანსეთ. ჩვენ ამ ბავშვებს სურამშიც ჩავაკითხავთ და ადგილზე ვნახავთ, თუ როგორ ისვენებენ ისინი“, - აღნიშნა სართანიამ.

ასოციაცია „იმედის“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელის ქრისტინე კილანავას განმარტებით, პროექტს ასევე მხარი დაუჭირეს და ქველმოქმედება გაუწიეს შ.პ.ს -ებმა: „ლეკო“, „ავერსი, „მეტრო+“ და კოოპერატივმა „კოლხური თაფლი''.

ზუგდიდის ბიუჯეტში არსამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს პროექტებს განახორციელებენ, 60 ათასი ლარია გათავლისწინებული. აღნიშნული პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.

Print