რეგიონი
"ზუგდიდის მომავლისთვის": საკრებულოს დღევანდელი სხდომა რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა
ფრაქცია "ზუგდიდის მომავლისთვის" დღეს ქალაქის საკრებულოში გამართულ სხდომას განცხადებით გამოეხმაურა. პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრების განმარტებით, დღევანდელი სხდომა, რომელზეც მერაბ ქვარაიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა.

"საკრებულოს თანამდებობის პირის და საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტა ხდება მას შემდეგ, რაც საკრებულოს სხდომაზე პირის განცხადება ცნობად იქნება მიღებული, ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მერაბ ქვარაიას არ გააჩნდა სხდომის დახურვის უფლებამოსილება. აღნიშნულ შემთხვევაში, სხდომა უნდა დაეხურა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ან მისი არყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს უხუცეს წევრს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ არის დახურული. აუცილებელია, სხდომა გაგრძელდეს და მისი დახურვა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის სრული დაცვით", - ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

ცნობისთვის, საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ სხდომა მაშინ დახურა, როდესაც საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძე მისგან მუშაობის ანგარიშს და ოპოზიციური პარტიის ბრალდებებზე პასუხს ითხოვდა.


Print