რეგიონი
გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა
ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ბუკია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს და ამომრჩევლებს განცხადებით მიმართავს, რომელსაც Facebook-ით ავრცელებს.

”ნიშანდობლივია საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წინსვლისა და ეკონომიკური აღმავლობის ზრდის თვალსაზრისით.

პარტიის ხელმძღვანელობამ გაიზიარა ჩემი ეს გადაწყვეტილება. დამარწმუნეს, რომ ამით პარტიისთვის არავითარ უხერხულობას არ ვქმნი. მჯერა ”ქართული ოცნება“ ღირსეულ, ახალგაზრდა კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც მთელი ჩემი ადამიანური რესურსებით და პიროვნული შესაძლებლობებით, მაქსიმალური ძალისხმევით გვერდით დავუდგები.

ძვირფასო ამომრჩევლებო! ვიმედოვნებ, ახალ კანდიდატს თქვენთვის საკადრისი მხარდაჭერით ავირჩევთ 64-ე საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტში, როგორც მმართველი პარტიის საუკეთესო წარმომადგენელს”, - აცხადებს გოდერძი ბუკია.  

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის გოდერძი ბუკიას მიერ მაჟორიტარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებები გაკეთდა მმართველ პარტიაში.

სავარაუდოდ, მათ უკვე შერჩეული ჰყავთ გოდერძი ბუკიას შემცვლელი. საუბარია ირაკლი ბერაიას კანდიდატურაზე. არსებული ინფორმაციით, გოდერძი ბუკიას ნაცვლად, ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ბანკი ”ქართუს” თანამშრომელს ირაკლი ბერაიას წარადგენს. ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით, მისი წარდგენა ხვალ მოხდება.
Print