რეგიონი
ოთარ დანელია სამეგრელოში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აბაშის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობას 500 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების საშუალება ექნებათ.

სოფელ კეთილარში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს შპს ,,საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, დამშრობი არხის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 32 კმ-იანი სადრენაჟე არხის გაწმენდა ხორციელდება.

,, ანჯელის არხის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელოს რეგიონისთვის. წლების მანძილზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, გაიწმინდება 100 კმ-მდე სადრენაჟე არხი და ადგილობრივ მოსახლეობას 1500 ჰექტრამდე მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამშრალი მიწის ფართობი 16 540 ჰექტრამდე გაიზარდა. დღეისათვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 2 936 950 ლარის ღირებულების 4 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ დრენირებული ფართობი 1 550 ჰექტრით გაიზრდება.




Print