რეგიონი
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებული საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია
სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. სუს-ის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ დაკავებული 7პირიდან ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა. 
ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.

გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. "ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

გამომძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზღვევის დეპარტამენტი აწარმოებს. გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუქა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.

,,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18 - 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 236 მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლით, 376-ე მუხლით”, - განაცხადეს სუს-ში.
Print