არჩევნები
"რესპუბლიკელებმა" მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს (ვიდეო)
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი თოდუასთან ერთად, ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. პარტიის წევრები მოსახლეობას კომბინატის დასახლებაში და #11-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მოსახლებას ის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელსაც პარტია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. ხიდაშელის განცხადებით, ისინი რეგიონული განვითარების სააგენტოების ჩამოყალიბებას აპირებენ, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

თავის მხრივ, ამომრჩევლებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობაზე გაამახვილეს.

"მოსახლეობასთან შეხვედრებიდან მოდის საოცარი სითბო და ენერგია. თუმცა არის პრობლემები, რომელსაც ჩვენ მოვაგვარებთ. განვახორციელებთ პროგრამას, რომელიც უმუშევრობის აღმოფხვრაზე, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე, საპენსიო სისტემების გაუმჯობესებაზე იქნება მორგებული", - განაცხადა გიორგი თოდუამ.

ცნობისთვის, "რესპუბლიკური პარტიის" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოდუაა. ის ამჟამად ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

Print