რეგიონი
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. „პრესოვკა-მახარაძის“ უბანზე დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
ქალაქ ზუგდიდში ე.წ. "პრესოვკა-მახარაძის" საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოს შუალედურ არჩევნებში თამაზ ფაცაცია იქნება.

"ამ უბანში გავიზარდე და ვიცნობ თითოეულ ოჯახს, ვიცი მათი პრობლემების შესახებ. ვფიქრობ, ეს უბანი ყველაზე გამორჩეულია მთელ ქალაქში, აქ ცხოვრობს ყველაზე განათლებული და მეზობლური ხალხი. მათ ვპირდები, რომ ვიმუშავებ 24 საათიან რეჟიმში, ჩემსა და ხალხს შორის იქნება უწყვეტი ჯაჭვი",- თქვა თამაზ ფაცაციამ.

თამაზ ფაცაცია ამჟამად ქ. ზუგდიდის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსად მუშაობს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საარჩევნო უბანს ქალაქის საკრებულოში მერაბ ქვარაია წარმოადგენდა. მან დეპუტატის უფლებამოსილება 17 აგვისტოს მოიხსნა. იგი მმართველმა პარტიამ ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ქვეყანაში საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

Print